ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. საუბრის ძირითადი თემა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია და არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი ავანსად მიიღეს, მაშინ, როცა არც ერთი პუნქტი შესრულებული არ ჰქონდათ.
"ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად მიიღეს სტატუსი, ისე რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი", - თქვა მან.
ისაუბრა პოლარიზაციაზეც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ უფრო გაღრმავდა, რაც "რადიკალურ ძალებს" დაუკავშირა.
"ყველაზე ანტიევროპული ძალები და რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, ძალიან მარტივი გასაგები იქნებოდა და ლოგიკური იქნებოდა, გვეთქვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, მე მინდა, ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, ჩვენს ევროპელ ლიდერებს სურთ, ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს, ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ. უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, იმ ვითარებაში, როცა "არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი" და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ნებისმიერი ნეგატიური გადაწყვეტილება პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის.